გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ჯგუფის ლიდერებთან შეხვედრისას სურს, უკრაინისთვის "მარშალის გეგმა" განიხილოს. G7-ის შეხვედრა შემდეგ კვირას ბავარიაში გაიმართება. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ძალების ჯგუფს აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია წარმოადგენენ.
შოლცი იმედოვნებს, რომ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის ერთიანი ფრონტი შეიქმნება. კანცლერმა გერმანიის პარლამენტს უთხრა, რომ "უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება". შოლცმა ასევე გაიხსენა მისი გასული კვირის ვიზიტი ირპინში. მან აღნიშნა: "ზოგიერთი რამ მახსენებს გერმანიის ქალაქების სურათს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ". ისევე, როგორც მაშინდელი ევროპას, "უკრაინას, დღეს სჭირდება "მარშალის გეგმა" მისი აღდგენისთვის." - თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ.
გარდა დაფინანსებისა, "ერთი რამ ნამდვილად გადამწყვეტია - ჩვენ უნდა შევთანხმდეთ... როგორი სახის შეიძლება იყოს „მარშალის გეგმა უკრაინისთვის. როგორ ვაწარმოებთ კოორდინაციას საერთაშორისო დონეზე; მომავალში ერთად როგორ გადავწყვიტოთ, თუ რა ინვესტიციები უზრუნველყოფენ ყველაზე სწრაფად უკრაინის ევროპულ გზას."- განაცხადა შოლცმა.
"მარშალის გეგმა" იგივე "ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა" აშშ-ის მთავარი პროგრამა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის.
ინიციატივას სახელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად ეწოდა. რეკონსტრუქციის გეგმა 1948 წელს ამოქმედდა.